ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8 000-წლიან უწყვეტი ისტორიის, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებისა და ქვევრის ღვინის უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მათივე ცნობით, ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“.
პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები. ღვინის პროფესიონალების აზრით, ქართული ღვინის მორიგი სადეგუსტაციო ღონისძიება დუბლინში სასურველ შედეგს მოიტანს და გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნესკონტაქტები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები და სომელიეები. საღამოს გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.