დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის მოსმენა ორი კითხვის შემდეგ დასრულდა
თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსმენა ორი კითხვის შემდეგ დასრულდა.
ორივე კითხვა მინისტრს სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ დაუსვა.
კახიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა თეა წულუკიანი მირზა სუბელიანს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ არ იცნობს.
კახიძის მეორე კითხვა კი, თეა წულუკიანის 31 მაისის განცხადებას ეხებოდა, რომელშიც წულუკიანი ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და მადლობას უხდიდა მას იმისთვის, რაც უთხრა – „გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ“. კახიძე დაინტერესდა, მაშინ როცა საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის, რომ მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე შეწყდა 14 დღით თვითმხილველების დაკითხვა; არ ამოიღეს „ფეისბუქით“ და „ინსტაგრამით“ მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილსა და მის დეიდაშვილს შორის; არ ჩატარდა მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას სახლების ჩხრეკა; არ ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა მ.კ-ს და ა.შ, ამ ფონზე ისევ მიაჩნდა თუ არა მინისტრს, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მადლობა უნდა გადაეხადა თუ არა იმისთვის, რაც მაშინ უთხრა, ანუ ეთანხმებოდა თუ არა 31 მაისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
თეა წულუკიანმა დეპუტატს ჰკითხა, პასუხს მოკლედ თუ ვრცლად ისურვებდა. ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ გაცილებით მარტივი იქნებოდა პასუხი – კი ან არა, რაზეც წულუკიანმა მიუგო, რომ, რა თქმა უნდა, თავის 31 მაისის განცხადებას ეთანხმება.
ამის შემდეგ სხდომა დასრულდა. იუსტიციის მინისტრმა კი, კომისიას წარმატებები უსურვა.
რაც შეეხება კომისიის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობიდან, კითხვები თეა წულუკიანთან არც მათ ჰქონიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრს საქმესთან უშუალო შემხებლობა არ ჰქონდა და შესაბამისად, სხდომაზე მისი დაბარების საჭიროება არ იყო.