„დროას“ წევრებმა თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის კონსტრუქციის ჯებირებზე შავი ლენტები შეაბეს, რაც რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა
„დროას“ წევრებმა თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის კონსტრუქციის ჯებირებზე შავი ლენტები შეაბეს, რაც რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა

თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის გარშემო მოძრაობა „დროას“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც კონსტრუქციის მიმდებარე ჯებირებს შავი ლენტები შეაბეს.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნულით მათ მწუხარება გამოთქვეს გუშინ ბახმუტში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეს არ აცხადებს და მოქალაქეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მშვიდობიანი ფორმით დააფიქსირეს.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, გმირები თავისუფლებისა და მშვიდობისთვის თავს სწირავენ. გუშინ ძალიან დიდი მსხვერპლი გვქონდა – ხუთი ადამიანი ერთდროულად დავკარგეთ. უკვე 33 ადამიანია, ვინც თავი გაწირა, რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მშვიდობიანი სახელმწიფო. იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერია ამბობს, რომ მშვიდობა პრობლემა არ არის, როდესაც ხელისუფლება გლოვასაც კი არ აცხადებს, მოქალაქეებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ ამ თვალსაზრისით, ეს გლოვის ერთ-ერთი ფორმა იყო. ძალიან მშვიდობიანად მოვედით, შავი ლენტები შევაბით. ასე გამოვხატეთ, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, სად არის და რა ფასი ჯდება მშვიდობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ადგილზე მცირე ინცინდენტიც მოხდა. ჯებირებთან ორი პირი მივიდა, რომლებიც ელენე ხოშტარიას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„2008 წლის შემდეგ რუბლებს პუტინი გირიცხავს, სამარცხვინო ხარ. რა სოლიდარობა უნდა გამოუცხადო უკრაინას, მარაზმო, შენ. ელენე ხოშტარიავ, რუბლები გიცვივა ჯიბიდან“, – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ელენე ხოშტარიას.

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე „დროას“ მიერ ორგანიზებული აქცია-პერფორმანსი უკვე დასრულებულია.