„დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები შეხვედრების გასამართად სტრასბურგსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ
„დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები ერთობლივი ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ.
როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრებს გამართავენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მათი თქმით, ვიზიტის მიზანია იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს.
„შეხვედრების ერთი ნაწილი დაგეგმილი გვაქვს სტრასბურგში, სადაც არის ევროპარლამენტის სესია. შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან, მათ შორის კუბილიუსთან. შეხვედრების მეორე ნაწილი იქნება ბრიუსელში, სადაც უკვე შეხვედრები გვექნება ევროკომისიაში უშუალოდ იმ ხალხთან, ვინც მუშაობს საქართველოს საკითხებზე. ძირითადი თემა იქნება სტატუსის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს და გვექნება განხილვა იმ პრობლემების, რომლებიც არსებობს ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იმუშაოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიმართულებით.
„გზავნილი, რომელიც ჩაგვაქვს, არის, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის სტატუსი. პირდაპირ უნდა ესაუბრონ ქართველ ხალხს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ეს რუსული კანონი, ფაქტობრივად, აღარ იქნება, მაგრამ ერთმანეთთან თანამშრომლობას აქვს მნიშვნელობა, რომ ყველა ვალდებულება, რაც ჩვენ გვაქვს, წლის განმავლობაში შევასრულოთ. ოპოზიცია მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ვიმუშაოთ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სტატუსის მქონე, ევროკავშირის წევრი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. გვექნება ევროპარლამენტარებთან შეხვედრა, ევროკომისიაში შეხვედრები, ყველა უწყებასთან და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს და მხარს უჭერს საქართველოს. წინ არის ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ისეთივე ერთიანობით, როგორც აქამდე გავაკეთეთ, დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.