1992 წელს, 1700-ზე მეტმა მეცნიერმა, მათ შორის ნობელის პრემიის მრავალმა ლაურეატმა, კაცობრიობა სასტიკად გააფრთხილა. მესიჯი მარტივი იყო: თუკი არ მივიღებთ მკაცრ ზომებს, კაცობრიობის უბედურება უფრო გაიზრდება და ჩვენი პლანეტა „გამოუსწორებლად დასახიჩრდება“.
ოცდახუთი წლის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა.
ამჯერად, მეცნიერები კაცობრიობას მეორე შანსს აძლევენ. სტატია სახელწოდებით „მსოფლიო მეცნიერთა გაფრთხილება კაცობრიობას: მეორე შეტყობინება“, გვაფრთხილებს, რომ ადამიანები ბუნებრივ სამყაროსთან შეჯახების გზას ადგანან და თუ არ მივიღებთ დაუყოვნებლივ ზომებს, შეუძლებელი იქნება დედამიწას თავიდან ავაცილოთ არსებითი და გამოუსწორებელი ზიანი.
14 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას უკვე ხელს აწერს 15 000-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. ხელმოწერები კვლავ იმატებს.
სტატიის თანაავტორი, სიდნეისა და დიკინის უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომელი თომას ნიუსამი აღნიშნავს, რომ ეს გახლავთ სამეცნიერო დოკუმენტი, რომელსაც აქამდე გამოქვეყნებულთა შორის ყველაზე მეტი მეცნიერი აწერს ხელს.
„ეს არის აურაცხელი პასუხი იმაზე, რომ ჩუმად ყოფნა და ლოდინი აღარ შეგვიძლია“, — ამბობს ნიუსამი.
მანამ, სანამ ვირუსულად მოედებოდა მთელ მსოფლიოს და ხელმოწერების აკრეფასაც დაიწყებდა, სტატია აშშ-სა და ავსტრალიაში დაიწერა. ნიუსამის თქმით, ოთხი თვის წინ, პირველივე მოწოდებაზე, მათ 600-ზე მეტი მეცნიერი შემოიკრიბეს.
„ხალხმა წერილის გაზიარება დაიწყო; იგი უბრალოდ ჩავარდა რამდენიმე მეილ-ლისტში და შემდეგ, საქმე ჩვენი კონტროლიდან გავიდა“.
1992 წლის გაფრთხილებაში, მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ „კაცობრიობამ კონტროლქვეშ უნდა მოაქციოს გარემოსათვის ზიანის მომტანი საქმიანობა“, რათა აღადგინოს და დაიცვას პლანეტა, რომლის გარეშეც არსებობა არ შეგვიძლია.
რეპორტი გამოყოფდა ცხრა სხვადასხვა სფეროს, რომლებსაც გაუმჯობესება ესაჭიროებოდა; მათ შორის იყო ოზონის გამოფიტვა, ტყეების ჩეხვა, კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.
„ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა შესწავლის შედეგად, ახალ წერილში უკან ვუბრუნდებით ამ ტენდენციებს და შეფასებას ვუკეთებთ ადამიანთა პასუხებს მათზე“, — განმარტავს ნიუსამი.
1992 წლის გაფრთხილებათა გადახედვის შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კაცობრიობამ არა მხოლოდ მარცხი განიცადა გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრის საკითხში, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესა.
წერილის ავტორებმა გაარკვიეს, რომ თავდაპირველ დოკუმენტში ხაზგასმული გაუმჯობესების ექვსი სფეროდან, წარმატებით გადაიჭრა მხოლოდ ოზონის ხვრელის პრობლემა.
მეცნიერებს განსაკუთრებით აშფოთებთ კლიმატის ცვლილების, ტყეების ჩეხვისა და სოფლის მეურნეობის — განსაკუთრებით ხორცის მოხმარების ამჟამინდელი ტრაექტორია.
რეპორტის ყველაზე საგანგაშო პუნქტები შემდეგია:
• მტკნარი წყლის ოდენობის 26 პროცენტით შემცირება ერთ სულ მოსახლეზე
• 120 მლნ ჰექტარი ტყიანი ტერიტორიის დაკარგვა
• ოკეანის მკვდარი ზონების 75%-იანი ზრდა
არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს პლანეტაზე ამჟამად არსებულ სიცოცხლის ფორმათა უფერული მომავალიც. სტატია გვაფრთხილებს, ადამიანმა უკვე დაუდო საფუძველი მეექვსე მასობრივ გადაშენებას, რომელიც დაახლოებით ყოველ 540 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. მათი აზრით, ეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ დააყენებს პლანეტის ბიომრავალფეროვნებას.
მიმოხილვამ დაადგინა, რომ დედამიწაზე 29 პროცენტითაა შემცირებული ძუძუმწოვრების, რეპტილიების, ამფიბიების, ფრინველებისა და თევზების რიცხვი. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუკი ამ ტენდენციას განვაგრძობთ, კაცობრიობა გახდება „ბიომრავალფეროვნების გამოუსწორებელი და კატასტროფული დანაკარგების მიზეზი“.
ბიომრავალფეროვნების დაკარგვა განსაკუთრებით თვალშისაცემია ავსტრალიაში. 2017 წელს, ავსტრალია მსოფლიოს იმ ორ ქვეყანას შორის იყო, სადაც ყველაზე მაღალი იყო გლობალური ბიომრავალფეროვნების დანაკარგები, ჩამორჩებოდა მხოლოდ ინდონეზიას. ნიუსამის თქმით, მის ქვეყანაში, ბიომრავალფეროვნების ნომერ პირველი საფრთხე ჰაბიტატის დაკარგვაა.
„ბოლო მონაცემების მიხედვით, საგანგაშოდაა გაზრდილი ტყის ჩეხვა კვინზლენდის შტატში, დაახლოებით 400 000 ჰექტარი წელიწადში; ეს ფართობი 400 000 საფეხბურთო მოედნის ექვივალენტია — ამ მაჩვენებლით, ჩვენ ბრაზილიის გვერდით ვდგავართ“, — ამბობს ნიუსამი.
„ყოველივე ამის შემდეგ, ძალიან ცოტას ვხარჯავთ, მაგალითად, საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათათვის… სამაგიეროდ, წლიდან-წლამდე უფრო მეტს ვხარჯავთ მაღაროების რეაბილიტაციაზე“.
გარემოს კატასტროფათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია ადამიანთა რაოდენობის ზრდით. 1992 წლის შემდეგ, მოსახლეობამ 35%-ით მოიმატა, რაც 2 მილიარდ ადამიანს ნიშნავს. ამჟამინდელი ტენდენციების მიხედვით, 2050 წლისთვის, დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ მალე არ დავასტაბილურებთ მოსახლეობის რაოდენობას, უარესად გაიზრდება ის სტრესი, რომელსაც ჩვენ გარემოს ვაყენებთ.
„კაცობრიობამ მარცხი განიცადა მოსახლეობის ზრდის ადეკვატური შემცირებაში, სათბური გაზების გამოყოფის შემცირებაში, განახლებადი ენერგიის სტიმულირებაში, ჰაბიტატის დაცვაში, ეკოსისტემის აღდგენაში, გამონაბოლქვის ამოძირკვაში, ვერ შეაჩერა ფაუნის განადგურება, ვერ შეაჩერა ინვაზიური უცხო სახეობები. ერთი სიტყვით, კაცობრიობა არ დგამს იმ ქმედით ნაბიჯებს, რაც საჭიროა დასახიჩრებული ბიოსფეროს დაცვისთვის“, — ასკვნის დოკუმენტი.
მაგრამ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა.
ოზონის ხვრელის მდგომარეობის გაუმჯობესებას მეცნიერები იმის მტკიცებულებად მიიჩნევენ, რომ კაცობრიობას პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაც შეუძლია, როცა ამას მოვინდომებთ. NASA-სა და NOAA-ს მეცნიერთა ცნობით, სწორედ ამ თვეში, თანამგზავრებიდან ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდის თავზე, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი ყველაზე მეტად დაპატარავდა 1988 წლის შემდეგ.
მართლაც სასწაულები ხდება, როდესაც მთავრობები მეცნიერებს უსმენენ. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ხშირად მოხდეს ასე?
სტატია მოუწოდებს მეცნიერებს, მედიაში გავლენიან პირებსა თუ უბრალო მოქალაქეებს, გაზარდონ ზეწოლა თავიანთ მთავრობებსა და პოლიტიკურ ლიდერბეზე, რათა მათ დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები. სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზებული ძალისხმევით, მოქალაქეებს შეუძლიათ აიძულონ თავიანთ პოლიტიკური ლიდერები, რათა მეტი ინვესტიცია ჩადონ განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით კვლევებში, ამავე დროს, აღარ მოახდინონ წიაღისეული საწვავის სუბსიდირება.
მაგრამ ცვილლებების გატარება მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე როდია. სტატია ამტკიცებს, რომ უბრალო მოქალაქესაც კი შეუძლია ისე შეცვალოს თავის ყოველდღიური ქცევა, რომ პოზიტიური გავლენა მოახდინოს გარემოზე. მაგალითად, ავტორები გვთავაზობენ, რომ რადიკალურად შევამციროთ წიაღისეული საწვავისა და ხორცის მოხმარება.
დაახლოებით 25 წლის წინ, კაცობრიობამ კოლექტიურად უგულებელყო მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა საგანგაშო გაფრთხილება. უკვე ახლა, დრო არ ითმენს და არ შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ და არ დავეთანხმოთ მეცნიერთა არმიას და მათ კვლევებს. იქნებ ამჯერად მაინც გავითვალისწინოთ მათი რჩევები.
და ბოლოს, ამ ყველაფრის შემდეგ, არსად ჩანს პლანეტა B.
სტატია ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნდა.
საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება მეცნიერებს შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე.
მომზადებულია scienceaf.com-ის მიხედვით