„დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორი - მოსულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ტესტირება ჩაუტარდებათ როგორც დამსვენებლებს, ასევე პერსონალს
„დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორი - მოსულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ტესტირება ჩაუტარდებათ როგორც დამსვენებლებს, ასევე პერსონალს

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორის, კოკა გეგუჩაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ სასტუმროში მყოფ ყველა პირს, როგორც დამსვენებლებს, ასევე პერსონალს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროში უკვე მივიდა ეპიდემიოლოგების ჯგუფი და ტესტირების პროცესი დაწყებულია.

„მოვიდა ეპიდემიოლოგების ჯგუფი. გამოვყავით სივრცე, სადაც ჯერ სტუმრების და შემდეგ უკვე პერსონალის ტესტირება მოხდება. ტესტირება ჩაუტარდება აბსოლუტურად ყველას, ეს პროცესი უკვე დაიწყო. კონფერენციის გამო, სასტუმროში ძალიან ბევრი ექიმია. სასტუმროს პერსონალი, დაახლოებით 450 კაცია. უპირველესი რეკომენდაციაა, რომ ყველამ ჩაიტაროს ტესტი, რასაც ვემორჩილებით“, – განაცხადა მან.

დირექტორის განცხადებით, დამსვენებლები, რომლებსაც სასტუმროს დატოვება სურთ, ვალდებული არიან, ტესტირება ჩაიტარონ.

„სასტუმროში არ ვიღებთ ახალ დამსვენებლებს, რადგან რისკის მომენტი არსებობს და ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სხვა სასტუმროში წავიდნენ. ამის თაობაზე დაცვა გავაფრთხილეთ, ეს ჩვენი პირადი მითითება იყო. ამასთან, სასტუმროდანაც ვერ გავლენ დამსვენებლები, სანამ ტესტს არ ჩაიტარებენ.

რაც შეეხება ინფიცირებულს, ეს ქალბატონი ვისთან ერთადაც იყო რამდენიმე დღის წინ, იმ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი და შემდეგ ამას ჰქონდა სიმპტომები, 37.2 ტემპერატურა. მან მაშინვე გამოიძახა სასწრაფო. ჩვენს სასტუმროში ერთი თუ ორი დღე იმყოფებოდა“, – განაცხადა კოკა გეგუჩაძემ.