„დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორი აცხადებს, რომ სასტუმროში დამსვენებლების მიღება დროებით შეჩერებულია
ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ დროებით ჩაიკეტა. როგორც საქართველოს პირველ არხს სასტუმროს დირექტორმა, კოკა გეგუჩაძემ განუმარტა, სასტუმროს დროებითი ჩაკეტვის მიზეზი კონფერენციაზე ჩასული ექიმისთვის ტემპერატურის დაფიქსირება გახდა.
მისივე თქმით, „დრიმლენდ ოაზისში“ ამ ეტაპზე დამსვენებლების მიღება შეჩერებულია, ხოლო სასტუმროში მყოფი პირები ტერიტორიას არ ტოვებენ.
ამასთან, როგორც გეგუჩაძემ განაცხადა, კორონავირუსზე ექიმისთვის ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხს დაახლოებით ერთ საათში მიიღებენ, რის შემდეგაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ. ამასთან, სასტუმროს დირექტორის განმარტებით, მათ „ჩექინისა“ და „ჩექაუთის“ დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ცალმხრივად არ მიუღიათ და ამაზე დამსვენებლების თანხმობა ჰქონდათ.
გეგუჩაძის თქმითვე, ამ დროისთვის სასტუმროში 900-მდე ადამიანი რჩება და პირებს, რომლებსაც შექმნილი მდგომარეობის გამო სასტუმროში დაგეგმილზე მეტხანს მოუხდა დარჩენა, უფასო კვებით უზრუნველყოფენ.