დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს
გერმანიის ქალაქ დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, წაღებულია ხელოვნების ნიმუშები, ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ნივთები.
ევროპის საგანძურის უდიდესი კოლექციების მუზეუმთან პოლიციის ათობით ავტომობილია. ქურდებს პოლიცია ეძებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე, მუზეუმთან ახლოს მდებარე ელექტროენერგიის გამანაწილებელზე ცეცხლი გაჩნდა, რომლის ჩასაქრობადაც სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
არსებობს ვარაუდი, რომ ხანძარმა მუზეუმის განგაშის სისტემა გამორთო.
„მწვანე საცავის“ სახელით ცნობილი მუზეუმის კოლექცია მე-18 საუკუნეში საქსონიის კურფიურსტმა, ავგუსტ ძლიერმა შექმნა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, საგანძური დაბომბვებს გადაურჩა. ის სამხედრო ნადავლის სახით საბჭოთა კავშირმა წაიღო.
საგანძური დრეზდენში 1958 წელს დაბრუნდა.