დორინ რეჩანი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი
დორინ რეჩანი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებით, მოლდოვა თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის შესახებ დორინ რეჩანმა ლუქსემბურგში გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციაზე განაცხადა, სადაც უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მივესალმებით ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ მოლაპარაკებების ჩარჩოს“, – დასძინა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კონფერენციაზე მოლდოვასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ისაუბრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა, ოლივერ ვარჰეიმ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყების მთავარი მიზეზი მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, განეხორციელებინათ რეფორმები.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის დამსახურებული აღიარება ამ ძალისხმევისა და თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, რომლებიც წარმოიქმნება რუსეთის აგრესიული ომისგან უკრაინის წინააღმდეგ და ჰიბრიდული ქმედებებით მოლდოვის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დღეს ოფიციალურად დაიწყო. საკითხზე დღეს პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია ლუქსემბურგში გაიმართა.