დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის შეტევების ფონზე ქალაქი პოკროვსკი ცენტრალური წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი
უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი პოკროვსკი, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის არმია აქტიურად უტევს, ცენტრალური წყალმომარაგების გარეშე დარჩა. როგორც დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეჩერდა წყლის გასაფილტრი სადგურის მუშაობა, რომლის მეშვეობითაც პოკროვსკი ბოლო დროს წყალს იღებდა. მისი მუშაობის აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ვადიმ ფილაშკინის თქმით, ქალაქში გაბურღულია საერთო სარგებლობის ჭები, ასევე ორგანიზებულია სასმელი წყლის მიწოდება.
მანამდე იტყობინებოდნენ, რომ რუსული დაბომბვის შედეგად დანგრეულია გაზგამანაწილებელი სადგური პოკროვსკის რაიონში, რის გამოც ათასობით ადამიანი გაზმომარაგების გარეშე დარჩა. დღეს დილით კი რუსეთის იერიშის შედეგად დაინგრა ხიდი, რომელიც პოკროვსკს მეზობელ ქალაქ მირნოგრადთან აკავშირებდა.
ბრძოლა პოკროვსკიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მიმდინარეობს. რუსული ჯარების მთავარი დარტყმა ბოლო დღეებში პოკროვსკის სამხრეთით, კურახოვოს მიმართულებით ხორციელდება. რუსული და უკრაინული წყაროები ქალაქ უკრაინსკში ბრძოლების შესახებაც იუწყებიან.