დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პერიოდულად გაძლიერებას გეგმავს
დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
კურტ ვოლკერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთს მოლაპარაკებები აიძულონ.
„ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ მოკავშირეებთან და ევროპელები სანქციებს ინარჩუნებენ. ვფიქრობ, რუსეთისთვის ეს სიურპრიზი იყო. ევროკავშირმა სანქციების შენარჩუნების მიმართულებით უზარმაზარი მდგრადობა და ძალა აჩვენა“, – აღნიშნა ვოლკერმა.
აშშ-ის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ იარაღის ემბარგო მოხსნა და იარაღის მიწოდება აკრძალვების გარეშე ხდება.