დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს ახალ პრეზიდენტს ოქროს ზარი გადასცა
დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს ახალ პრეზიდენტს ოქროს ზარი გადასცა

დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს მართვის სადავეები შარლ მიშელს გადასცა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ევროპული საბჭოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მის შემცვლელს ცერემონიაზე ოქროს ზარი გადასცა, რომელიც მართვის სადავეების გადაცემის სიმბოლოა.

ცერემონიაზე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს მართვა საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია, რადგან თანამდებობაზე დანიშვნის პირველ პერიოდში ევროკავშირი საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, ამას კი, ემატებოდა უკრაინის საკითხი, საიმიგრაციო კრიზისი და ბოლოს ბრექსიტი, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, ამ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის ძალიან დიდი პრივილეგია იყო.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივია.

შარლ მიშელის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპაში მოგზაურობდა და ხალხს ხვდებოდა, ამ შეხვედრების დროს კი, ძალიან ბევრი სასარგებლო იდეა გაუჩნდა.

„ევროპამ ძალიან ბევრი პრობლემა  მოიტოვა უკან და ახლა ჩვენ მშვიდობაში ვცხოვრობთ, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მსურს, გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპელ ლიდერებს შორის ურთიერთგაგება გაიზარდოს. ევროპას საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით მაღლა და თავდაჯერებულად დგომა შეუძლია. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს. ჩვენი დროის ყველაზე კრიტიკული დებატების დროს, ჩვენ არ უნდა ვისხდეთ, არამედ ევროკავშირი ამ ცხარე დისკუსიების ეპიცენტრში უნდა იყოს, გავლენა მოახდინოს გლობალურ საკითხებზე და დაიცვას საკუთარი ინტერესები. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა.