დონალდ ტუსკი ტყიბულში მეშახტეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ტყიბულში მეშახტეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადება დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას გააკეთა.
მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„მინდა მწუხარება გამოვთქვა ტყიბულში, მაღაროში დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან.
მიმდინარე წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.