დონალდ ტუსკი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ - ეს ბოროტი დროების დასასრულია, ეს დღე ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც ნათელი დღე, პოლონეთის აღორძინება
ოპოზიციონერმა ლიდერმა, დონალდ ტუსკმა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ მედია წერს.
„ეს არის ბოროტი დროების დასასრული. ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობა“ დასასრული. ჩვენ ეს გავაკეთეთ. მოვიგეთ დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენი თავისუფალი, საყვარელი პოლონეთი. ეს დღე ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც ნათელი დღე, პოლონეთის აღორძინება“, – აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი, ხოლო „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO) ხმების 31.6 პროცენტი მოიპოვა.
როგორც პოლონური მედია წერს, აღნიშნული მონაცემები თუ დაემთხვევა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შესაძლოა, მთავრობას სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია ჩაუდგეს. არჩევნებში მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული სამი პარტია თუ გაერთიანდება, სავარაუდოდ, ექნება მანდატების უმრავლესობა პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში.