ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთს ევროკავშირის სტრატეგიულ პრობლმას უწოდებს. ამის შესახებ ტუსკმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მუშაობისას მას თითქმის ყოველკვირეულად უწევდა სხვებისთვის შეეხსენებინა, რომ რუსეთი ევროკავშირის არა „სტრატეგიული პარტნიორი“, არამედ „სტრატეგიული პრობლემაა“. როგორც ტუსკმა აღნიშნა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, არამედ ევროკავშირის დასუსტება შიდა უთანხმოებების პროვოცირებით.
„ერთიანობაში ჩემი ვარჯიშები პრაქტიკულად პირველივე დღიდან დაიწყო. საქმე ეხებოდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. მე ვიყავი და ახლაც ვარ დარწმუნებული, რომ ამ თამაშში ფსონზე არა მხოლოდ დამოუკიდებელი უკრაინის მომავალი და ცენტრალური ევროპის, მათ შორის ჩემი ქვეყნის, უსაფრთხოება დგას, არამედ ევროპის, როგორც პოლიტიკური გაერთიანების სუვერენიტეტიც. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პუტინის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, არამედ ევროკავშირის სისტემატურად დასუსტება შიდა უთანხმოებების პროვოცირებით. მე მიწევდა თითქმის ყოველკვირეულად საჯაროდ სხვებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი ჩვენთვის არა „სტრატეგიული პარტნიორია“, არამედ „სტრატეგიული პრობლემაა“. მე „მონომანიც“ კი შემარქვეს ერთ საკითხზე ასე ფოკუსირებისთვის. თუმცა ამას მოჰყვა შედეგი. ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა, განსაკუთრებით სანქციების მხრივ მთელი ჩემი ვადის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტუსკს ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება.