დონალდ ტუსკი - რისკი, რომ პოლონეთს სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის ჩარევის გამო ევროკავშირის დატოვოვება მოუწიოს, რეალურია
რისკი, რომ პოლონეთს სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის ჩარევის გამო ევროკავშირის დატოვოვება მოუწიოს, რეალურია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში განაცხადა.
კერძოდ, ევროკავშირის დატოვების მიზეზი შესაძლოა, პოლონეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გახდეს. ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს უზენაესი სასამართლოს შესახებ ახალი კანონის მოქმედების შეჩერებისკენ მოუწოდა. პოლონეთის ახალი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადადგომის ასაკი 70-დან 65 წლამდე შემცირდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატი კი ვადამდე შეწყდა.
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის, რის გამოც პოლონეთი შეიძლება ევროკავშირიდან გარიცხონ.
„არსებობს სერიოზული საფრთხე, Polexit შესაძლებელია“, – განაცხადა ტუსკმა.
„ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მუშაობის კარგი გამოცდილება მაქვს. ქემერონთან ყოველ დღე ვმუშაობდი, რომ თავიდან აგვერიდებინა ბრექსიტი. სწორედ მან წამოაყენა რეფერენდუმის იდეა, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენილიყო. მგონია, რომ ევროპა უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე მმართველი პარტიის მინისტრები“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.