დონალდ ტუსკი - პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე დავიყვანთ, სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი შეჩერება
დონალდ ტუსკი - პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე დავიყვანთ, სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი შეჩერება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე დაიყვანს.

ვარშავაში „სამოქალაქო კოალიციის“ ყრილობაზე გამოსვლისას ტუსკმა განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე მიგრაციულ სტრატეგიას წარადგენს, რომლის სახელწოდება იქნება „კონტროლის აღდგენა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი არ განახორციელებს იმ ევროპულ იდეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

„პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე დავიყვანთ, აღმოვფხვრით იმ პრაქტიკებს, რომლებიც ფაქტობრივად გარს უვლიდა პოლონეთის ინტერესებს, არღვევდა პოლონელი ქალებისა და მამაკაცების, ასევე პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამ პრაქტიკას ნულამდე დავიყვანთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ტუსკმა განმარტა, შემუშავებული მიგრაციული სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება.

მისი თქმით, ამ უფლებით ბოროტად სარგებლობენ ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი, ასევე ადამიანებით მოვაჭრეები, რომლებიც არალეგალურ მიგრაციას უწყობენ ხელს.

„მიგრაციული სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება და მე მოვითხოვ ამ გადაწყვეტილების ევროპაში აღიარებას. რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამით სარგებლობენ ლუკაშენკო, პუტინი, კონტრაბანდისტები, ადამიანებით მოვაჭრეები. ვიცით, რომ თავშესაფრის უფლებას იყენებენ თავშესაფრის უფლების არსის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

თავის მხრივ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომაშ სემონიაკმა მედიას განუცხადა, რომ მისი უწყება მიგრაციულ სტრატეგიაზე უკვე მრავალი კვირაა მუშაობს.