დონალდ ტუსკი - მე და სალომე ზურაბიშვილი კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში პროგრესის აუცილებლობაზე შევთანხმდით
მე და პრეზიდენტი შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში პროგრესის აუცილებლობაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს ვიზიტისთვის.
„პირველი უცხოური ვიზიტისას. გილოცავთ საქართველოს არჩევნებში გამარჯვებას და ვაფასებ თქვენს ძალისხმევას, რომ გადალახოთ სოციალური და პოლიტიკური განსხვავებები თქვენს ქვეყანაში. მადლობას მოგახსენებთ ბრიუსელში პირველი ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით. შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ევროკავშირის მზადყოფნა, გაძლიერდეს თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოში. შეთანხმებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა ჩვენი მოქალაქეებისათვის და აქვს პოტენციალი, გააძლიეროს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური მდგრადობა.
მე და პრეზიდენტი შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში პროგრესის აუცილებლობაზე“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს შორის ომიდან.
„მე დავაფიქსირე ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის გადაჭრის მცდელობის მიმართ.
გასულ წელს საქართველომ წარმოადგინა სავაჭრო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის თაობაზე ინიციატივა მათთვის, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“. მზად ვართ, გავაგრძელოთ მათი დახმარება, ვინც დააზარალა კონფლიქტმა და ხელი შევუწყოთ დიალოგს.
წელს აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს. ბათუმის კონფერენციის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის საიუბილეო თარიღისთვის მიძღვნისთვის საქართველოს მადლობა მინდა გადავუხადო. მე მოხარული ვარ, ისევ ვეწვიო საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.