დონალდ ტუსკი - ევროკავშირში საიმიგრაციო სისტემაზე კომპრომისი რთული იქნება
ევროკავშირში საიმიგრაციო სისტემაზე კომპრომისის მიღწევა რთული იქნება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი 2018 წლის თებერვალში იმსჯელებს, როგორ გახდეს ეს საკითხი გეგმის მთავარი პრიორიტეტი.
ევროგაერთიანებაში უთანხმოების საფუძველი ლტოლვილთა მისაღებად სავალდებულო კვოტების დანერგვის საკითხია. სავალდებულო კვოტების იდეას „ვიშეგრადის“ ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან.
„კონსენსუსის მისაღწევად ჩასატარებელ სამუშაოზე დადებითი პასუხი მივიღე. აუცილებელი კვოტები კვლავ იწვევს უთანხმოებას, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველად ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარი ყოველგვარი დავისა და უთანხმოების გარეშე დაუჭირა.