დონალდ ტუსკი - ევროკავშირი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად იბრძვის
ევროკავშირი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად იბრძვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ევროკავშირი ინტენსიურად იბრძვის, რათა შეინარჩუნოს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშაა ვაჭრობის, უსაფრთხოების, კლიმატური ცვლილებების ან ადამიანის უფლებების კუთხით“,- განაცხადა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს რეფორმირების ძალისხმევას.
„ჩვენ უნდა აღვჭურვოთ გაერო ინსტრუმენტებით, რათა მან შეძლოს თავისი მანდატი სრულყოფილად შეასრულოს“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა გააძლიერა ბრძოლა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ევროპის პრობლემა და გაერო-მ მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიგრაციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ კოლექტიური პასუხისმგებლობით შესაძლებელია მიგრაციის პრობლემის მოგვარება. ამ მხრივ მან აფრიკის ქვეყნებთან, თურქეთთან, იორდანიასთან და ლიბანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სირიის კონფლიქტის დარეგულირების გზად მან პოლიტიკური ჩართულობა დაასახელა. ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე საუბრისას, დონალდ ტუსკმა განაცხადა, ევროკავშირს სჯერა, რომ ბირთვული პრობლემის დიპლომატიით გადაწყვეტა შესაძლებელია. მისი თქმით, ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება უზრუნველყოფს რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობას, ამიტომაც ევროკავშირი მხარს უჭერს მის შენარჩუნებას მანამ, ვიდრე ირანი ამ შეთანხმებას ასრულებს.
ტუსკმა განსაკუთრებული ყურადღება კლიმატურ ცვლილებებს დაუთმო და ამ მხრივ პარიზის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ნება მიბოძეთ ვთქვა ხმამაღლა და მკაფიოდ: მათ, ვისაც შეუძლიათ ჩვენი პლანეტა წარმოიდგინონ ვეშაპების, პინგვინებსა და ცხოველთა სხვა სახეობების გარეშე, მოუწევთ წარმოიდგინონ ჩვენი პლანეტა ადამიანების გარეშეც“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.