დონალდ ტუსკი - „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთთან კომპრომისი კვლავ შესაძლებელია
დონალდ ტუსკი - „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთთან კომპრომისი კვლავ შესაძლებელია

ბრექსითის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთთან კომპრომისი კვლავ შესაძლებელია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდ პატივს სცემს. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პოზიცია დაიცვა და ტერეზა მეის უკომპრომისო პოზიციას გაუსვა ხაზი.

ზალცბურგში გამართულ არაფორმალურ სამიტზე მხარეებმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ვაჭრობის საკითხში, ლონდონის მიერ შეთავაზებული გეგმა ევროკავშირისთვის ხელსაყრელი არ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა მოლაპარაკებების შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა. სპეციალური განცხადების დროს, ტერეზა მეიმ ბრიუსელისგან მეტი პატივისცემა მოითხოვა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა მხარეები „ბრექსითის“ შემდეგ თანაარსებობის შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ.