დონალდ ტუსკი - „ბრექსიტის“ გამო წარმოქმნილი არეულობა დიდხანს ვერ მოგვარდება
დონალდ ტუსკი - „ბრექსიტის“ გამო წარმოქმნილი არეულობა დიდხანს ვერ მოგვარდება

დევიდ დევისთან ერთად, თუ მის გარეშე, „ბრექსიტის“ გამო წარმოქმნილი არეულობა დიდხანს ვერ მოგვარდება, – ეს განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროკავშირი-უკრაინის სამიტის შემდეგ გააკეთა.

„პოლიტიკოსები იცვლებიან, მაგრამ პრობლემა, რომელიც საკუთარი ხალხისთვის შექმნეს, რჩება. „ბრექსიტის“ შედეგად წარმოქმნილი არეულობა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ „ბრექსიტის“ იდეამ ბრიტანეთის მთავრობა დევიდ დევისთან ერთად არ დატოვა“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

„ბრექსიტის“ მინისტრმა, დევიდ დევისმა, რომელიც 2016 წლის რეფერენდუმის დროს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ემხრობოდა, დღეს თანამდებობა დატოვა. მიზეზად მასსა და პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოება დაასახელა. აღნიშნული პოსტი უკვე დაიკავა დიდი ბრიტანეთის ბინათმოწყობის ყოფილმა მინისტრმა, დომინიკ რააბმა. ამავე მიზეზით დღეს პოსტი დატოვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. თუმცა მხარეები დიდ ბრიტანეთსა და ევროპულ გაერთიანებას შორის ვაჭრობის საკითხში თანამშრომლობის ფორმატზე ვერ თანხმდებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა გამართა. 12-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ტერეზა მეის ბევრი ოპონენტი მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილო იყო.