ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეთავაზებით, ევროპული გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა ერთი წლით გადაიდოს, იმ პირობით, თუ ლონდონი ბრექსიტის უკვე არსებული შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.
ამასთან, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის უფრო ადრე დატოვების შესაძლებლობაც ექნება.
ევროკავშირის საგანგებო სამიტამდე ერთი დღით ადრე აღნიშნული ინიციატივით დონალდ ტუსკმა გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მსგავსი ხანგრძლივი ვადის, ამავდროულად მოხერხებული პირობების შეთავაზება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ასეთ პირობებში, თარიღის მოკლევადიანი გადაწევის და საგანგებო სამიტების გამართვის საჭიროება აღარ იქნება.
ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით, ხვალ ბრიუსელში საგანგებო სამიტი გაიმართება. შეხვედრის დროს ევროპული გაერთიანება ბრექსიტის 30 ივნისამდე გადაწევის შესაძლებლობებზე იმსჯელებს და აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრის. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ერთი სახელმწიფო მაინც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის თარიღის გადაწევის წინააღმდეგი იქნება, ლონდონს ევროკავშირის დატოვება 2019 წლის 12 აპრილს შეთანხმების გარეშე მოუწევს.