დონალდ ტუსკი - ბალკანეთის ისტორია "სამეფო კარის თამაშების" სცენარს ჰგავს
ევროკომისიის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ბულგარეთმა მნიშვნელოვანი მიზანი დასახა, რაც რეგიონის ევროპული პერსპექტივის დაბრუნებას გულისხმობს. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოფიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ისტორია “სამეფო კარის თამაშების” სცენარს ჰგავს.
“ჩვენ გვინდა, რომ ბალკანეთის მომავალი ნაკლებად ჰგავდეს დრამატულ კინოსცენარებს. სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა – ეს არის ის რასაც ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი იმსახურებს”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბულგარეთიდან იუწყება, სოფიაში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე. სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მათ ბულგარეთს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცეს. მიღება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.