დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთთან პრობლემური ისტორიული საკითხების დარეგულირების გარეშე უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი პოლონეთთან პრობლემური ისტორიული საკითხების დარეგულირების გარეშე.
დონალდ ტუსკს ჰკითხეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის მიერ ივლისში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა მოხდეს „ვოლინის საკითხის“ მოგვარების გარეშე. პრემიერი დაეთანხმა მინისტრს და აღნიშნა, რომ ამ პოზიციაში ახალი არაფერია.
„უკრაინა არ იქნება ევროკავშირის წევრი პოლონეთის თანხმობის გარეშე. უკრაინა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ისინი კი მრავალფეროვანია – ეს არ არის მხოლოდ საზღვარი, ვაჭრობის, სამართლებრივი და ეკონომიკური სტანდარტების საკითხი. ეს ასევე კულტურულ-პოლიტიკური სტანდარტების საკითხია“, – აღნიშნა ტუსკმა.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი არ შეიქმნებოდა გერმანელებისა და ფრანგების, ან გერმანელებისა და პოლონელების შერიგების გარეშე.
„უკრაინელებს უნდა ესმოდეთ, რომ კავშირში გაწევრიანება ნიშნავს სტანდარტების სფეროში შესვლას, რომლებიც ეხება პოლიტიკურ და ისტორიულ კულტურას“, – აღნიშნა მან.
პოლონეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის ეცდება სულ უფრო მკაფიოდ განმარტოს, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს (2025 წლის პირველ ნახევარში), რომ კიევის ინტერესებშია პოლონეთთან ურთიერთობების დარეგულირება.
„ეს ისტორია უნდა დაიმარხოს, თუ გვსურს კარგი მომავლის შენება“, – თქვა დონალდ ტუსკმა.
მან ასევე ნეგატიურად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება „ვისლის ოპერაციის“ შესახებ, რა დროსაც კულებამ პოლონეთის იმ ტერიტორიებზე, სადაც ოპერაცია ჩატარდა, ისაუბრა, როგორც უკრაინის მიწებზე.
მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ კულებას ფრაზა „უკრიანული ტერიტორიები“ გულისხმობდა პოლონეთის იმ ტერიტორიებს, სადაც უკრაინელები ისტორიულად კომპაქტურ დასახლებად ცხოვრობდნენ.