დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს

პოლონეთი რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც პოლონეთში რუსეთიდან და ბელარუსიდან შედის, ასევე არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმერები აღშფოთებულები არიან.

„ლატვიამ გადაწყვიტა, დაწესდეს ემბარგო რუსეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. ჩვენ გავაანალიზებთ ლატვიის შემთხვევას და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი გამოვიდეს მსგავსი ინიციატივით“,- აღნიშნა ტუსკმა.

ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სჭირდება „სერიოზული ფოკუსირება მარცვლეულისა და საკვები პროდუქტის აღმოსავლეთიდან იმპორტის შესახებ რეგულირების გაუმჯობესებაზე“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ლატვიამ დროებით აკრძალა რუსეთიდან და ბელარუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, სულ მცირე, 2025 წლის ივლისამდე. ლატვიამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს აგრესორ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას.