დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კოლეგები მას ხშირად პროუკრაინელ მანიაკს უწოდებდნენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში ბევრი რამ გააკეთა და კოლეგები მას ხშირად პროუკრაინელ მანიაკს უწოდებდნენ. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა, კიევში, უკრაინა – ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
დონალდ ტუსკმა განცხადება უკრაინულ ენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, უკრაინაში ეს მისი ბოლო ვიზიტია.
„ყველაფერი არ გამოვიდა. ყოველთვის არ ვიყავი ისეთი ეფექტური, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ ასევე ბევრი მიზეზი მაქვს, რომ კმაყოფილი ვიყო. ბრიუსელში ზოგიერთი ისე მიყურებდა, როგორც პროუკრაინელ მანიაკს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვამაყობ ამ 5 წლით. ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.