დონალდ ტუსკი - ევროკავშირის ლიდერებმა ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი მარკ რუტე გააკრიტიკეს, ძლიერი პიროვნებაა, გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ გაწითლდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი მარკ რუტე გააკრიტიკეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნატო-ს ოქტომბრიდან უხელმძღვანელებს, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე გააკრიტიკეს და ამის მიზეზი რუტეს მხრიდან ევროკავშირის თავდაცვის პროექტების ერთობლივი დაფინანსების წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებები გახდა. საკითხის განხილვისას წინააღმდეგობა, ასევე, იყო გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან.
„ყველამ, თითქმის ყველამ, ხმამაღლა შეახსენა მარკ რუტეს, რომ მალე შეასრულებს ნატო-ს გენერალური მდივნის ფუნქციას და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროპამ თავდაცვაზე რესურსები და ფინანსები არ დაზოგოს. ძლიერი პიროვნებაა, გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ გაწითლდა, როდესაც ყველამ მიუთითა: „ერთი წუთით, თქვენ უნდა მოახდინოთ ყველას მობილიზება, რომ მეტი დახარჯონ თავდაცვაზე“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ „ძალიან გაბრაზებული“ იყო იმ არგუმენტებით, რომლებიც რუტემ თავდაცვის პროექტების საერთო დაფინანსების საწინააღმდეგოდ მოიყვანა.
რუტემ სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის დაფინანსების შესახებ დისკუსიები იყო „მკაცრი“.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ უნდა იყოს ჩართული შეიარაღების შესყიდვების ან ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტების დაფინანსებაში, არამედ უნდა მიმართოს ძალისხმევა უკეთესი თავდაცვის ინდუსტრიული კოორდინაციის ხელშეწყობისკენ.