დონალდ ტურსკი აცხადებს, რომ პოლონეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა ევროკიმისიას წარუდგინეს წერილი, სადაც ევროპაში საერთო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მოითხოვენ
პოლონეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა ევროკიმისიას წარუდგინეს წერილი, სადაც ევროპაში საერთო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მოითხოვენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„საერთო ევროპული თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მე გავუგზავნე წერილი ევროკომისიას, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად. ევროკომისიის მხრიდან უკვე არის ძალიან პოზიტიური რეაქცია, რომ ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვა ევროპის საერთო ამოცანად აქციოს“, – განაცხადა ტუსკმა.
მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ კონკურენცია თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნისას და დაიწყონ თანამშრომლობა, მათ შორის, ერთობლივი ინვესტიციების შესახებ თავდაცვის ინდუსტრიაში.
„მხოლოდ ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ატარებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, შეძლებს ომის თავიდან აცილებას. ჩვენ ომისთვის ვემზადებით არა იმიტომ, რომ ეს ომი მოხდეს, არამედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა ტუსკმა.
ლიდერების წერილს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპას სჭირდება მეტი საერთო პროექტი.
„ჩვენ გვჭირდება ნაკლები ფრაგმენტაცია და მეტი საერთო პროექტი, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის ფარი, რომელიც შემოგვთავაზეს კირიაკოს მიცოტაკისმა და დონალდ ტუსკმა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.