დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კორეის ნახევარკუნძულზე, დემილიტარიზებულ ზონაში სურს
დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კორეის ნახევარკუნძულზე, დემილიტარიზებულ ზონაში სურს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, იაპონიიდან სამხრეთ კორეაში მივემგზავრები პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან ერთად. თუ ამ ჩანაწერს კიმ ჩენ ინი ნახავს, სანამ იქ ვიქნები, მას დემილიტარიზებულ ზონაში შევხვდებოდი უბრალოდ ხელის ჩამოსართმევად“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა მიკრობლოგის საშუალებით.
ამ განცხადებამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან რაიმე სახის მოლაპარაკებების გამართვა არ იგეგმებოდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპისგან პირადი წერილი მიიღო, რაზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ წერილში განხილულ საკითხზე აუცილებლად იფიქრებს. მანამდე კი, კიმ ჩენ ინისგან პირადი წერილი დონალდ ტრამპმა მიიღო.
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა ბოლოს ვიეტნამში შედგა, თუმცა ჰანოის სამიტი ნაადრევად დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.