დონალდ ტრამპს განმეორებითი ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალ კორონავირუსზე ტესტი მეორედ ჩაიტარა. როგორც „როიტერი“ თეთრი სახლის ექიმ შონ კონლის წერილზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ტესტის პაუსხი „კოვიდ 19“-ზე მეორე ჯერზეც უარყოფითი აღმოჩნდა.
ექიმის ინფორმაციით, ტრამპმა სწრაფი ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი 15 წუთის შემდეგ აჩვენა.
„პრეზიდენტი ჯანმრთელია, მას დაავადების სიმპტომები არ აქვს“, – აღნიშნა ექიმმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვირუსზე პირველი ტესტი მარტში ჩაიტარა და პასუხი მაშინაც უარყოფითი იყო. ტრამპმა ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მანამდე, დონალდ ტრამპმა ბრაზილიის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.