დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში დემონსტრაციებით დახვდნენ - ლონდონში აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკას აპროტესტებენ
დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში დემონსტრაციებით დახვდნენ - ლონდონში აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკას აპროტესტებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში დემონსტრაციებით დახვდნენ. ლონდონში აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ამ დრომდე ათასობით აქტივისტია შეკრებილი. ისინი ოფიციალური ვაშინგტონის მიგრაციულ პოლიტიკას და ბავშვების არალეგალი მიგრანტი მშობლებისგან განცალკევებას აპროტესტებენ. მათ განაცხადეს, რომ მცირეწლოვანი მიგრანტების ტირილის სანაცვლოდ თეთრი სახლის ლიდერს საელჩოსთან სხვა ხმაური დაახვედრეს. დემონსტრაციეზე მისულ აქტივისტებს თან მკვეთრი ჟღერადობით გამომწვევი სხვადასხვა ნივთები აქვთ მიტანილი.

ლონდონში ჩასვლამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში, მის წინააღმდეგ დაგეგმილ დემონსტრაციებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.
დონალდ ტრამპი ღამეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაათევს. თუმცა ახლა თეთრი სახლის ლიდერი ოქსფორდისკენ მიემართება.

BBC-ის ცნობით, დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე საგრაფოში ვერტმფრენით წავიდნენ, სადაც ტერეზა მეი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სადილით უმასპინძლებს. შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი რუსეთზე, ბრექსითსა და ახლო აღმოსავლეთზე იმსჯელებენ. დაგეგმილია შეხვედრა დედოფალ ელისაბედ მეორესთანაც.