აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გახანგრძივდება.
თეთრი სახლის ლიდერი წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაწესებული აკრძალვები ლათინური ამერიკის ქვეყანაში რიგ დარღვევებს უკავშირდება. მათ შორის არის ადამიანის უფლებები, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და სხვა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, ამ მხრივ ვენესუელაში ვითარება არ გამოსწორებულა, სწორედ ამიტომ სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაა საჭირო.
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები 21 იანვარს დაიწყო. ოპოზიციონერმა და ეროვნული ასამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ კი, საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მალევე გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს რიგმა სახელმწიფოებმა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ოპოზიციონერ გუაიდოს მხარს უჭერს საქართველოც.