დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და გულშემატკივრებს მანქანიდან მიესალმა [ვიდეო]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და საავადმყოფოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს მანქანიდან მიესალმა. ტრამპმა მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის ლიდერმა გულშემატკივრებთან შეხვედრის ვიდეო საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზეც გამოაქვეყნა.
„ძალიან ვაფასებ ყველა ჩემს გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომლებიც ახლა საავადმყოფოს გარეთ არიან. ფაქტია, რომ მათ ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა და ხედავენ, რომ მას უფრო ძლიერად ვაქცევთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა“,- წერს ტრამპი „ტვიტერზე“.
გავრცელებულ ვიდეოში ტრამპი ამბობს, რომ საავადმყოფოსთან მდგომი პატრიოტები უკვე დიდი ხანია, გარეთ არიან, მათ ტრამპის დროშები უჭირავთ და აშშ ძალიან უყვართ, ამიტომ თეთრი სახლის ლიდერმა მათთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და გარეთ მათთან შესახვედრად მანქანით გავიდა. ტრამპი საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას და როგორც პრეზიდენტის ექიმების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბრაიან გარიბალდმა განაცხადა, ტრამპმა საავადმყოფო შესაძლოა, ორშაბათს დატოვოს.
74 წლის დონალდ ტრამპი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში პარასკევს გადაიყვანეს. კორონავირუსით ინფიცირებულია მისი მეუღლე მელანია ტრამპიც.