დონალდ ტრამპმა თავისი სოციალური მედიის პლატფორმის TRUTH ამოქმედება დაანონსა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სოციალური მედიის პლატფორმის TRUTH ამოქმედება დაანონსა. მისი განცხადებით, ახალი პლატფორმის მიზანია მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც თალიბანი „ტვიტერში“ ფართოდ არის წარმოდგენილი, ხოლო თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი გააჩუმეს. ეს მიუღებელია“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც წერილობით გავრცელდა.
სოციალური ქსელის ბეტა-ვერსიის ამოქმედება მომავალ თვეში იგეგმება, ხოლო მისი სრული ამოქმედება 2022 წლის პირველ კვარტალში უნდა მოხდეს. პლატფორმა დონალდ ტრამპის ორგანიზაციის Trump Media and Technology Group-ის (TMTG) საფუძველზე შეიქმნა.
„მე მოხარული ვარ, ძალიან მალე პირველად გავაზიარო ჩემი პირველი სიმართლე TRUTH Social-ზე. TMTG დაფუძნდა იმ მიზნით, რომ მისცეს ხმის უფლება ყველას. მოხარული ვარ, ძალიან მალე დავიწყო ჩემი ფიქრების გაზიარება TRUTH Social-ზე და ვიბრძოლო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.
6 იანვარს დონალდ ტრამპის ასობით მომხრის მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, უსმხვილესმა სოციალურმა ქსელებმა, მათ შორის „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ტრამპს ანგარიშები გაუუქმეს.