დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატად გადამდგარი სამხედრო მაღალჩინოსანი დაასახელა
დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატად გადამდგარი სამხედრო მაღალჩინოსანი დაასახელა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
გადამდგარი გენერალი, ჯონ ფილიპ აბიზაიდი 2003-2007 წლებში ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საპასუხისმგებლო მისიებს ხელმძღვანელობდა.
2007 წლის შემდეგ კი ჯონ ფილიპ აბიზაიდი კონსულტაციებს ეწევა. ამერიკული მედიის ცნობით, გენერალს სამხედრო აკადემია წარჩინებით აქვს დამთავრებული. ამასთან, ჰარვარდის უნივერსტიტეტში მას აღმოსავლეთმცოდნეობა აქვს შესწავლილი.
საუდის არაბეთის სამეფოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა ვაკანტური 2017 წლის იანვრის შემდეგ არის. მაშინ დიპლომატმა, ჯოზეფ ვესტპალმა აღნიშნულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა, სენატი ამტკიცებს.