დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს ვეტო დაადო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს ვეტო დაადო.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კონგრესმენები ცდილობდნენ, არაბული ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაეწესებინათ. საუბარია საუდის არაბეთზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაზე.
რეზოლუციის თანახმად, იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმებები მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში შევიდოდა ძალაში. თუმცა დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეზოლუციები ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობას დააქვეითებს და უარყოფითად აისახება იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებზე, რომელიც ვაშინგტონს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან აქვს. სწორედ ამიტომ, თეთრი სახლის ლიდერმა კანონპროექტები დაბლოკა.
მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საგანგებო უფლების გამოყენების შესახებ განაცხადა, რომელიც ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო რიგი არაბული ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვას ითვალისწინებდა. საპასუხოდ წარმომადგენელთა პალატამ განსახილველად სამი კანონპროექტი წარადგინა, რომლებიც იარაღის მიყიდვის აკრძალვას ეხებოდა და რეზოლუციები ორივე პალატამ დაამტკიცა. თუმცა დონალდ ტრამპმა დოკუმენტებს ვეტო დაადო.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსაკვეთად თეთრი სახლის ლიდერმა ვეტოს უფლება პრეზიდენტობის ვადაში მესამედ გამოიყენა.