დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე დასავლეთ ვირჯინიაში ვიზიტის დროს ისაუბრა.
„პოლ მანაფორტი კარგი ადამიანია. ის რონალდ რეიგანთან ერთად იყო. წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან მოუწია თანამშრომლობა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. მართალია ეს მე არ მეხება, თუმცა მაინც ძალიან მწყდება გული. ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. ამას არაფერი აქვს საერთო რუსეთის შეთქმულებასთან“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი რამდენიმე საათის წინ სასამართლომ რვა ბრალდებაში, კერძოდ, გადასახადებისგან თავის არიდებასა და საბანკო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი 2018 წელს დააკავეს. ამჟამად, მანაფორტი ვირჯინიის შტატის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ამავდროულად, 8 ივნისს პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ მანაფორტს ბრალი ხელმეორედ წაუყენა. სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტების თანახმად, საქმე ამჯერად ეხება პოლ მანაფორტსა და მის უკრაინელ ბიზნესპარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელიც მანაფორტის ოფისს კიევში ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტსა და კილიმნიკს ბრალი ედებათ აღნიშნული საქმის გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში.