დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება განმარტა
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება განმარტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება განმარტა. კრიტიკის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკუთარი დაზვერვის სააგენტოს დასკვნის სჯერა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებამ მას არასწორად გაუგო. პრეზიდენტის თქმით, პასუხის გაცემისას მან იგულისხმა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლებოდა რუსეთი არჩევნების პროცესში ჩარეულიყო.

ტრამპმა ყურადღება აშშ-ის დაზვერვის სააგენტოსთან დამოკიდებულებაზე გაამახვილა. დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მათი ბოლომდე სჯერა და მხარს უჭერს.

16 ივლისს, ჰელსინკიში გამართული ისტორიული სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დაზვერვის წარმომადგენლები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, თუმცა პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება ასე იყოს“.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საკვანძო მოკავშირეები.