დონალდ ტრამპმა რუსეთი, ირანი და სირია იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში დაადანაშაულა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი, ირანი და სირია იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში დაადანაშაულა.
ტრამპმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ვითარების განეიტრალებისთვის თურქეთი ბევრს აკეთებს და ამაში რუსეთმა, ირანმა და სირიამ ხელი არ უნდა შეუშალონ.
„რუსეთი, სირია და ირანი იდლიბის პროვინციაში ათასობით უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ, ან ამის გაკეთებას აპირებენ. არ მოიქცეთ ასე. თურქეთი ბევრს მუშაობს, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგის საშუალებით.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა იდლიბის პროვინციაში სირია, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების დახმარებით, ინტენსიურ ავიაიერიშებს ახორციელებს. ასადის რეჟიმი აცხადებს, რომ თავდასხმების მიზანი ჯიჰადისტების ობიექტების განადგურებაა, თუმცა როგორც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან, საჰაერო შეტევების დროს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და სამედიცინო ცენტრი უკვე განადგურდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმების შედეგად 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ბოლო რამდენიმე დღეში ინტენსიური ავიაიერიშების გამო რეგიონი 30 ათასზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა. გაერო იუწყება, რომ დაძაბულობის ესკალაციის ფონზე რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.