დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რუსეთის მიერ თურქეთისთვის „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის მიწოდების საკითხი განიხილა
„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის პრეზიდენტებმა რუსეთის მიერ თურქეთისთვის „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის მიწოდების საკითხი განიხილეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი ორ ქვეყანას შორის პრობლემას წარმოადგენს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით ვაშინგტონი შესაძლო სანქციებსაც განიხილავს.
ამასთან, ამავე სამიტის ფარგლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო დანადგართან დაკავშირებით არსებული შეთანხმების სისრულეში მოყვანაზე სრული მზადყოფნა გამოაცხადა. ერდოღანის განმარტებით, თურქეთი რუსეთისგან კომპლექსის მიწოდებას ელის.