დონალდ ტრამპმა პროცესის დროს დატოვა სასამართლო სხდომა, სადაც მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე მოსარჩელის ადვოკატის დასკვნით არგუმენტებს ისმენდნენ
ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის სასამართლოში მიმდინარე სხდომა, სადაც ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის ბრალდების საქმეზე მოსმენა მიმდინარეობდა, შუა პროცესის დროს, მაშინ დატოვა, როდესაც ნაფიცი მსაჯულები მოსარჩელის ადვოკატის დასკვნით არგუმენტებს ისმენდნენ. დონალდ ტრამპი დარბაზში მოგვიანებით, იმ დროს შებრუნდა, როცა სასამართლოს მისი ადვოკატი დასკვნით არგუმენტებს აცნობდა.
საუბარია მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო, ზიანის ანაზღაურების დასადგენად მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ.
მწერლის რეპუტაციის შელახვაში ტრამპი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს, თუმცა თუ რა ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრება მას, მიმდინარე სხდომაზე უნდა გაირკვეს.
მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. კეროლმა პირველად სექსუალური ძალადობის შესახებ New York Magazine-ის სტატიაში 2019 წელს განაცხადა, თუმცა დონალდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა.
ამის შემდეგ ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი.
შარშანვე სასამართლო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა და ექსპრეზიდენტს ოთხი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
მოსარჩელის წარმომადგენლის თქმით, ჯინ კეროლის რეპუტაცია ძლიერად დაზარალდა ყოფილი პრეზიდენტის კომენტარებით, რომელიც უარყოფდა მასზე სექსუალურ თავდასხმას, რის გამოც ახლა მოსარჩელის ადვოკატი 24 მილიონ დოლარს მოითხოვს, აქედან 12 მილიონი – რეპუტაციის შელახვის, 12 მილიონი კი ემოციური ზიანის მიყენებისთვისაა განსაზღვრული.