დონალდ ტრამპმა პენტაგონისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ჩატარების დაგეგმვა დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ჩატარების დაგეგმვა დაავალა.
როგორც Washington Post წერს, ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს, აშშ-ის დედაქალაქში ისეთივე აღლუმი იხილოს, როგორიც ივლისში პარიზში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ნახა.
გამოცემის ცნობით, რომელიც პენტაგონის ერთ-ერთ თანამშრომელს ეყრდნობა, ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
მას შემდეგ რაც ინფორმაცია Washington Post-ში გამოქვეყნდა, თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც „ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, დაეწესებინა ისეთი საყოველთაო ზეიმი, სადაც ყველა ამერიკელს შეეძლებოდა საკუთარი მადლიერების გამოხატვა“.
აშშ-ის დედაქალაქში მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით მსხვილი სამხედრო გამოფენები ადრეც ჩატარებულა, მაგრამ მძიმე ტექნიკისა და ტანკების, ასევე მარშით მოსიარულე ჯარისკაცების აღლუმი პენსილვანია ავენიუსთვის უცხოა. ასეთი აღლუმები აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს არ ტარდება.