დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში კარანტინი არ გამოაცხადა
დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში კარანტინი არ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნიუ იორკში კარანტინის გამოცხადება აუცილებელი არ იქნება. როგორც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ეს გადაწყვეტილება მან თეთრ სახლში შექმნილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის რეკომენდაციით მიიღო. კარანტინის ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სთხოვა, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტში გადაადგილებისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გასცეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ზემოჩამოთვლილი სამი შტატის მოსახლეობას 14 დღის განმავლობაში განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ნიუ იორკში, ასევე ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის ნაწილებში კარანტინს გამოაცხადებდა კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად.

ნიუ იორკის შტატში ამ დროისთვის კორონავირუსის 52 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარია.