დონალდ ტრამპმა მოსახლეობას ნიღბების ტარებისკენ მოუწოდა
დონალდ ტრამპმა მოსახლეობას ნიღბების ტარებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ახალი რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარეთ გასვლისას ნიღბები ატარონ.

3 აპრილს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ადმინისტრაციას „ენ 95“ სახის ნიღბების და სხვა პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სხვა ქვეყნებში ექსპორტი აეკრძალა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიამ აშშ-ი ათასობით „ენ-95“ სახის ნიღბის ჩამორთმევაში დაადანაშაულა, რისთვისაც ბერლინს უკვე გადახდილი ჰქონდა და აშშ-ის ქმედებას „თანამედროვე მეკობრეობის აქტი“ უწოდა.

აშშ-ში „კოვიდ-19“-ს ბოლო ერთ დღეში 1 480 ადამიანი ემსხვერპლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ერთი დღის მონაცემებით რეკორდული რაოდენობის ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 7 000-ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში აშშ-ში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 32 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელების შემდეგ, „კოვიდ-19“ აშშ-ში უკვე 278 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 9 900-მდე კი უკვე გამოჯანმრთელდა.