დონალდ ტრამპმა მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრას დემოკრატების პოლიტიკური თვითმკვლელობა უწოდა
დონალდ ტრამპმა მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრას დემოკრატების პოლიტიკური თვითმკვლელობა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატაში მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრას დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ თვითმკვლელობას უწოდებს.

„არაფრის გამკეთებელი დემოკრატები გამოხატავენ თავიანთ სიძულვილს ამერიკელი ამომრჩევლებისადმი. ეს უკანონო და პოლიტიკურად ანგაჟირებული იმპიჩმენტი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური თვითმკვლელობის მარშია. გინახავთ ჩემი რეიტინგები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში? ეს სიგიჟეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატები ცდილობენ, ათობით მილიონი ამერიკელი პატრიოტის ხმა გააბათილონ. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების მხრიდან აქამდე არნახული მხარდაჭერა აქვს.

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცედურა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო.

„ეს არის პირველი იმპიჩმენტი, როდესაც არ არის არანაირი დანაშაული. მითხარით, გთხოვთ, რა ჩავიდინე?“ – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ღელავს, რადგან არასწორი არაფერი ჩაუდენია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას დაკარგავს.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხზე ორი ბრალდება დაამტკიცა. ამჯერად საბრალდებო დასკვნა სენატს უნდა გადაეცეს განსახილველად. სენატში პროცესს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ფლობენ, იმპიჩმენტისთვის კი, საჭიროა ხმების სულ მცირე ორი მესამედ. სენატში იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება.