დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს
დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა მეინის შტატის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვს, რომ მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის, შენა ბელოუსის განჩინება გაუქმდეს.
ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, ბელოუსის გადაწყვეტილება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთან, საჩივარში ყოფილი პრეზიდენტის იურისტები მიუთითებენ, რომ მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება.
მანამდე ტრამპს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა ასევე აუკრძალეს კოლორადოს შტატში. ორივე შემთხვევაში ამის მიზეზად ტრამპის მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზება დასახელდა.
დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე მიზნად ისახავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მის ჩამოშორებას.