დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, აჩვენოს მსოფლიოს, რომ აშშ ასრულებს ვალდებულებას არალეგალური მიგრაციის დასასრულებლად
აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობასა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო.
დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, აჩვენოს მსოფლიოს, რომ აშშ ასრულებს ვალდებულებას არალეგალური მიგრაციის დასასრულებლად და კარტელებს, ნარკოტიკული საშუალებებით მოვაჭრეებსა და ტრეფიკინგში ჩართულ პირებს საზღვრებს მიღმა დატოვებს.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მოძრავ ქარავანზე, რომელთაც მექსიკის მუნიციპალიტეტები აშშ-ის საზღვრისკენ ამისამართებენ.
„ჩვენს სამხრეთ საზღვარზე არსებული უკანონო ვითარება საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისა და მთელი ამერიკის ფინანსური კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, საზღვრის უსაფრთხოება „მორალური საკითხია“.
„მე მას ავაშენებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ჩემმა ადმინისტრაციამ კონგრესს სამხრეთის საზღვარზე კრიზისის დასასრულებლად გონივრული შეთავაზება გაუგზავნა. იგი მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, კანონის მეტ აღსრულებას, საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენას, ბავშვებით კონტრაბანდის აღმოფხვრას და გეგმებს ახალი ფიზიკური ბარიერისთვის ან კედლისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.