დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა სანქციებით დაისჯება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა სანქციებით დაისჯება.
დოკუმენტში არ არის მოცემული კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, გათვალისწინებულია სანქციების დაწესება ყველა იმ პირისა თუ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევა.
„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის არჩევნებისა და ზოგადად პოლიტიკური პროცესის დასაცავად გარე ძალების ჩარევისგან“, – განაცხადა ბოლტონმა.
ტრამპის მრჩეველმა განმარტა, რომ პრეზიდენტის განკარგულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიებში ჩარევას, არამედ „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასაც“.
„განკარგულება ავალდებულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორს შეაფასოს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შემთხვევები. ასევე ავალდებულებს იუსტიციისა და შიდა საქმეების დეპარტამენტს შეადგინონ ანგარიში, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განხორციელდება”, – ამბობს ჯონ ბოლტონი.
მისივე თქმით, კონკრეტული ქვეყნებისა თუ პირების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას პრეზიდენტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიიღებს.