დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაზე უარი თქვა
დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სენატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მოამზადა, რომელშიც მაკკეინი გმირად იყო შეფასებული. თუმცა თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადების გავრცელება ადმინისტრაციას აუკრძალა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაკეთებული მოკლე გამოხმაურება საკმარისად ჩათვალა.

„მინდა უღრმესი პატივისცემა და სიმპათია გამოვხატო სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახის მიმართ. გულით და ლოცვით თქვენთან ვართ“, _ დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე.

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, რომ ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპსა და ჯონ მაკკეინს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ამერიკელი სენატორი თეთრი სახლის ლიდერს ღიად აკრიტიკებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაკკეინმა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა.

დონალდ ტრამპმა 2015 წელს განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინს გმირად არ მიიჩნევს, რადგან ვიეტნამის ომის დროს ის ტყვედ ჩავარდა.

„პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყვედ არ ჩავარდნენ“,- აცხადებდა მაშინ დონალდ ტრამპი.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. The New York Times-ის ცნობით, გარდაცვალებამდე ამერიკელმა სენატორმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონია დაგეგმა, სადაც სტუმრების სიაში დონალდ ტრამპი არ მოხვდა.